ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1999 წლის 4 მარტის N69/ობრძანებით
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს
შინაგანაწესი
I. ზოგადი დებულება
1. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წინამდებარე შინაგანაწესი (ტექსტში შემდგომ ,,შინაგანაწესი”) დამტკიცებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის საფუძველზე.
2. შინაგანაწესის მიზნებია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში: ა) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა. ბ) სახელმწიფო მოსამსახურეთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება. გ) სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება. დ) სახელმწიფო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის დონისა და პროფესიული ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობა. ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ოპერატიულობის ზრდა. ვ) ხელმძღვანელობასა და სხვა სახელმწიფო მოსამსახურეთა შორის ურთიერთობის მოწესრიგება.
3. შინაგანაწესის რეგულირების სფერო განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლით ,,დაწესებულების შინაგანაწესის შინაარსი” საფუძველზე.
II. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული, შესვენების დრო
4. საჯარო სამსახურის განხორციელება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში ეფუძნება 5 დღიან სამუშაო კვირას. სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 40 სთ-ს კვირაში.
5. სამუშაო დროის ათვლა იწყება 9.30. სთ-ზე და მთავრდება 18.30. სთ-ზე. ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი უფლებამოსილია კლიმატური პირობების გათვალისწინებით დაადგინოს სამუშაო დღის დასაწყისისა და დამთავრების განსხვავებული დრო.
6. 13.00. სთ-დან 14.00. სთ-მდე სახელმწიფო მოსამსახურეთა შესვენების უფლება გარანტირებულია.
7. უქმე დღის წინა სამუშაო დღის ხანგრძლივობა შემცირდება 1.00. სთ-ით.
III. ზეგანაკვეთური მუშაობის დროს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში ყოფნის პირობები და წესი
8. სახელმწიფო მოსამსახურის მუშაობა უქმე Dდღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ ნებაყოფლობითია. 9. გადაწყვეტილებას სახელმწიფო მომსახურების უქმე დღეებში შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ ანაზღაურებადი მუშაობის თაობაზე იღებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი. 10. შრომის ანაზღაურება ზეგანაკვეთური მუშაობისას განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად. 11. მე-9 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო მოსამსახურეებზე, თუ: ა) იგი ორსულადაა. ბ) ქალები, რომლებსაც ჰყავთ ბავშვები ერთ წლამდე ასაკისა. გ) მოსამსახურეებს, რომელთაც 18 წელი არ შესრულებიათ. დ) მისთვის სამედიცინო დასკვნის საფუძველზე დაუშვებელია ზეგანაკვეთური მუშაობა. ე) რომლებიც წარმოებიდან მოუწყვეტლივ სწავლობენ სასწავლო დაწესებულებებში _ მეცადინეობის დღეებში. 12. ზეგანაკვეთური მუშაობის დრო არ შეიძლება აღემატებოდეს 4 საათს ზედიზედ ორი დღის განმავლობაში, წლის განმავლობაში კი 120 საათს, უქმე დღეებში 6 საათს.
IV. სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი
13. სამსახურებრივ საკითხებზე სახელმწიფო მოსამსახურეებზე განკარგულების გაცემის უფლება აქვს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს, მის შესაბამის მოადგილეს და უშუალო უფროსს (დეპარტამენტის, განყოფილების უფროსს). 14. სამსახურებრივ საკითხებზე გაცემული განკარგულება შესაბამისად შეიძლება იყოს ზოგადი (ვრცელდებოდეს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ყველა სახელმწიფო მოსამსახურეზე) და პერსონალური. 15. ზოგად განკარგულებას გასცემს მინისტრი. ზოგადი განკარგულება სრულდება წერილობითი ფორმით და გამოიკვრება სამინისტროში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას. ზოგადი განკარგულება არ შეიძლება შევიდეს ძალაში გამოკვრის მომენტამდე, თუ შრომის კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 16. პერსონალურ განკარგულებას გასცემს მინისტრი, მისი შესაბამისი მოადგილე და უშუალო უფროსი. პერსონალური განკარგულება გაიცემა უშუალოდ ერთ სახელმწიფო მოსამსახურეზე ან სახელმწიფო მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფზე. პერსონალური განკარგულება სრულდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით. წერილობითი ფორმით გაცემული პერსონალური განკარგულება გაცემისთანავე გადაეცემა მოსამსახურეს (მოსამსახურეთა ჯგუფს) და არ შეიძლება ძალაში შევიდეს გადაცემის მომენტამდე.
V. ხელფასის გაცემის დრო და ადგილი
17. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო მოსამსახურეებზე ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ თვის პირველი კვირის განმავლობაში. 18. სახელმწიფო მოსამსახურეებზე ხელფასი გაიცემა უშუალოდ სამინისტროს შენობაში.
VI. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები
19. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო მოსამსახურე ვალდებულია განუხრელად ასრულებდეს შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნებს, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით. 20. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამების შესრულებისა და რეფორმების მიმდინარეობის უზრუნველყოფის დეპარტამენტმა უზრუნველყოს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ინსტრუქციის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დეპარტამენტებსა და განყოფილებებამდე დაყვანა.
VII. სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი
21. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში არყოფნის შემთხვევაში სახელმწიფო მოსამსახურე ვალდებულია წინასწარ წარუდგინოს უშუალო უფროსს განცხადება შემდგომ სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის, აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით. უფროსი თანხმობის ნიშნად ხელს აწერს წარდგენილ განცხადებას ან უარს აცხადებს განცხადების ხელმოწერაზე. უფროსის მიერ განცხადების ხელმოწერის შემთხვევაში მოსამსახურის სამსახურში არყოფნის მიზანშეწონილობაზე პასუხისმგებლობა უფროსს ეკისრება. 22. წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში არყოფნის შემთხვევაში სახელმწიფო მოსამსახურე ვალდებულია შესაძლებლობისდაგვარად, სამსახურში გამოცხადებამდე აცნობოს უშუალო უფროსს არყოფნის მიზეზები და სავარაუდო პერიოდი. სამსახურში გამოცხადების შემდეგ სახელმწიფო მოსამსახურემ უშუალო უფროსის მოთხოვნისთანავე უნდა წარუდგინოს მას ახსნა_განმარტებითი ბარათი სამსახურში არყოფნის თაობაზე. 23. სახელმწიფო მოსამსახურის პასუხისმგებლობა სამსახურში არყოფნისათვის გათვალისწინებულია კანონით ,,საჯარო სამსახურის შესახებ”.
VIII. დასკვნითი დებულებები
24. შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ყველა სახელმწიფო მოსამსახურისათვის. 25. შინაგანაწესი გამოიკვრება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შენობაში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას. 26. შინაგანაწესს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 73_ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი. 27. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო მოსამსახურეს ეკისრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 28. შინაგანაწესი ძალაშია დამტკიცების მომდევნო სამუშაო დღიდან.