
შეხვედრა ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების ექსპერტთან ჯორჯ შიბერთან
საქართველოში ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა მსოფლიოს წამყვანი ჯანდაცვის ეკონომისტი ჯორჯ შიბერი, რომელიც USAID-ის HSSP პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტაციებს უწევდა ჯანდაცვის დაფინანსების რეფორმირების საკითხებში.
დღეს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში ჯორჯ შიბერს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისეთი აქტუალური საკითხები განიხილებოდა, როგორიც არის საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევით უზრუნველყოფა და ჯანდაცვის სისტემის ხარჯთეფექტურობა.
„ბატონი ჯორჯ შიბერი მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტია ჯანდაცვის დაფინანსების საკითხებში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათი დღის განმავლობაში ის ჩვენთან ერთად აქტიურად მუშაობდა ძირეული რეფორმის ირგვლივ. კონსულტაციები ეხებოდა ამ მიმართულებით გასათვალისწინებელ მმართველობით საკითხებს და პოლიტიკური გადაწყვეტილებებს, რომელიც მისაღებია როგორც აღმასრულებელი, ისე საკონსტიტუციო ხელისუფლების მიერ." - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.