ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ზურაბ აზარაშვილი, პარლამენტის წინაშე, ანგარიშით წარსდგა
12 მაისი, 2022

ზურაბ აზარაშვილი, პარლამენტის წინაშე, ანგარიშით წარსდგა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტში, პირველი ანგარიშით წარსდგა. ზურაბ აზარაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში, მისი მინისტრად დანიშვნიდან 4 თვეში ჯანდაცვის უწყების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სიახლეებზე, ასევე - სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

ერთი-ერთი პირველი საკითხი, რომელზეც, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, პარლამენტში გამოსვლისას, ზურაბ აზარაშვილმა გაამახვილა ყურადღება, თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნაა. მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით განხორციელებული ეს სიახლე, მან, მთავრობის წარმატებული ნაბიჯად შეაფასა.
„მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეებს თუ შევაჯამებთ, ამ დროის განმავლობაში, 100 000-ზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ უკვე შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 50 მილიონი ლარის ნაცვლად, ახალი ფასებით, დაახლოებით, 15 მილიონი ლარი გადაიხადა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფა უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, 2022 წლის ბოლომდე, ყველა ადგილობრივ მწარმოებელს კარგი საწარმოო პრაქტიკის - GMP სტანდარტზე გადასვლა დაევალა.
მინისტრმა, ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის მომსახურებების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე. უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დიალიზის კაბინეტი უკვე გაიხსნა დაბა მესტიაში, უახლოეს პერიოდში კი, ბენეფიციარები, ამ მომსახურებას ლანჩხუთში, ამბროლაურში, თიანეთში, ყაზბეგსა და სხვა ქალაქებში მიიღებენ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 2022 წლიდან, ახალი სახელმწიფო პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, ტრანსპლანტაციის წინა კვლევები, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ზურაბ აზარაშვილი, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შეეხო, CGM (Continuous Glucose Monitoring) სისტემების შესყიდვაა. მისი თქმით, პირველ შეკვეთას, სახელმწიფო, მომდევნო თვეში მიიღებს, შედეგად კი დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს ექნებათ ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი, ხარისხიანი და ოფიციალური ავტორიზაციის მქონე მოწყობილობა, რომელიც წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დიაბეტის ეფექტური და უმტკივნეულო მართვისთვის.
ზურაბ აზარაშვილმა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაფართოებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ინსულტის და ტრავმის შემდგომი პაკეტის შესაქმნელად. ასევე პრიორიტეტულია კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის დაფინანსება.
ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე ყურადღება გაამახვილა შშმ პირებისა და შშმ ბავშვებისათვის შეთავაზებულ ახალ სერვისებზე. მისი თქმით, ყოველწლიურად იზრდება „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტი. მაგალითისთვის, მიმდინარე წელს, პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია 52 მლნ. ლარით, რაც 12 მლნ. ლარით მეტია, გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით.
გარდა ამისა, ზურაბ აზარაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში, მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვის პროგრამებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლიდან, ფუნქციონირება დაიწყო კიდევ ერთმა ახალმა მომსახურებამ - ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრმა.
ამასთან, როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, უკვე დაიხურა კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი და მათ ნაცვლად, მომსახურების ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებისთვის, ორი, მცირე საოჯახო ტიპის სპეციალიზებული დაწესებულება შეიქმნა.
„პარალელურად, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით, ამოქმედდება კიდევ 3 მცირე საოჯახო ტიპის სპეციალიზებული სახლი, სადაც განთავსდებიან თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, თავად ჩვილ ბავშვთა სახლი კი დაიხურება. ამის შემდეგ, საქართველოში აღარ იარსებებს შშმ ბავშვთა დიდი ზომის ინსტიტუცია, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ჯანდაცვის მინისტრმა, საკანონმდებლო ორგანოში, ასევე ისაუბრა სამედიცინო პერსონალისთვის ადეკვატური ანაზღაურების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი პერსონალის ანაზღაურების ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, უკვე 26 მილიონი ლარით გაიზარდა.
შრომის ანაზღაურების გარდა, ჯანდაცვის მინისტრმა, სამედიცინო პერსონალის შრომის უფლებების დაცვის, ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფისა და დასაქმების საკითხებზე გამახვილა ყურადღება.
როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, შრომითი ურთიერთობის კანონიერების შესწავლის მიზნით, შემოწმებულ იქნა კოვიდის მართვაში ჩართული კლინიკები. შედეგად, მინისტრის თქმით, გამოვლინდა COVID 19-ის მართვის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალის მიმართ შრომის კოდექსის სხვადასხვა ნორმის დარღვევა.
საპარლამენტო გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო, ზურაბ აზარაშვილმა, დასაქმების პროგრამის ზრდასა და მის საჭიროებაზე საუბარს.
მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება და მათი გააქტიურება შრომის ბაზარზე, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის გზით.
„სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში, უკვე 7 195 სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირია ჩართული“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლა, ჯანდაცვის მინისტრმა მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, დევნილების განსახლებაზე საუბრით დაასრულა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უკვე დაწყებულია, იძულებით გადაადგილებული პირების განსახლების, უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი 13 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა. აქედან, 7000-მდე ოჯახი, ახალაშენებულ კორპუსებში, ახალ საცხოვრებელ ბინებს მიიღებს, 6000-მდე ოჯახი კი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება.
ჯამურად, ორივე პროგრამის ბიუჯეტი, დაახლოებით, 900 მილიონი ლარია“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი