
საქართველომ ადამიანური კაპიტალის პროგრამა დაიწყო
საქართველომ ადამიანური კაპიტალის პროგრამა დაიწყო. პროექტის მიზანი, ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში ინვესტირების გზით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალის ამაღლება და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.
პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი წარსდგა. ზურაბ აზარაშვილმა პროექტში მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პროგრამაში გაწერილი მიზნების შესრულება უწყებას უკვე დაწყებული აქვს. მისი თქმით, იცვლება კლინიკების დაფინანსების მოდელი და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანაზღაურება DRG სისტემით მოხდება, ამასთანავე მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომის გაუმჯობესების მიზნით, მომდევნო წლიდან წამლებზე რეფერენტული ფასი დაწესდება. ცვლილება განხორციელდება, სოციალური დაცვისა და დასაქმების პროგრამების ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებითაც.
ღონისძიების ფარგლებში დისკუსიაც გაიმართა და მასში მონაწილეობა მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ მიიღო.
საქართველოს ადამიანურ კაპიტალის პროგრამაში ინვესტირებას მსოფლიო ბანკი, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.