
ტუბერკულოზის მსოფლიო დღე
საქართველოში „ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა“ ხორციელდება, რომლის მიზანია ტუბერკულოზის შემთხვევების ეფექტური და ხარისხიანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ტუბერკულოზით ავადობის, სიკვდილიანობის და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირება და ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობის განვითარების პრევენცია.
ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხელმისაწვდომია სწრაფი და ეფექტიანი დიაგნოსტიკა; ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა (მათ შორის ქირურგიული). ასევე, ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომია ხარისხიანი, უახლესი თაობის ანტიტუბერკულოზური მედიკამენტები. მომსახურებები ფინანსდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.
2022 წელს, ამბულატორიული კომპონენტის ფარგლებში დაფიქსირდა მომსახურების 36 222 შემთხვევა. სტაციონარული კომპონეტის ფარგლებში 1 264 პირმა იმკურნალა. მათ შორის, ქირურგიული შემთხვევა იყო 97.
პროგრამის მოსარგებლეები არიან:
საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე ტუბერკულოზით დაავადებული პირები, ფილტვისა და ფილტვგარეთა ტუბერკულოზის დადასტურებულ შემთხვევებში. ასევე, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება შეუძლიათ საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის
მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრებში მყოფი უცხოელები.
ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებული პირის კონტაქტები.
ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ჯამურად 17 200 000 ლარით განისაზღვრა
ვრცლად პროგრამის შესახებ იხილეთ ბმული: https://moh.gov.ge/uploads/files/2023/jandacva_gzamkvlevi/_N3.pdf